
საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
25 მარტი 2026ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა გახსნეს.
მინისტრის განცხადებით, წყლის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
მისი თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 49 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 420 000 აბონენტს ემსახურება და მომსახურების არეალი ეტაპობრივად იზრდება. ბოლო წლებში სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება. უკვე დაწყებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე - გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაზე.
რეფორმების ფარგლებში იცვლება პროექტების განხორციელების მიდგომაც - აქცენტი კეთდება ხარისხიან პროექტირებაზე, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე, კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.
რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველო ქმნის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს, სადაც სატენდერო პროცედურები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისთვის.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების როლს და აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის ADB-სთან, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინერგება მაღალი სტანდარტები. მისი შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სანდოობას და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს.
ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, მათი ნდობის გაძლიერება და საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
